Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ძირითადი მიღწევები

კვლევითი საქმიანობა

CSRDG დაარსებისთანავე აქტიურად აწარმოებს კვლევით საქმიანობას. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები და გამოცემები მიმართულია საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების შესწავლაზე. კვლევითი საქმიანობის წარმატებას და მნიშვნელობას ადასტურებს სამთავრობო სტრუქტურებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან მოსული პოზიტიური გამოხმაურებები და მომხმარებელთა კვლევა..

CSRDG-ის პუბლიკაციებს მკითხველთა დიდი ნაწილი, ანალიტიკური და აქტუალური ინფორმაციის, სარწმუნო წყაროდ აღიქვამს. ორგანიზაციის პუბლიკაციებში გამოქვეყნებული მაღალკვალიფიციური ექსპერტების სტატიები წარმატებული ინტერვენციების დაგეგმის მყარ საფუძველს წარმოადგენს სხვდასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის.

თემის განვითარება

CSRDG-ის მიერ კახეთსა და გურიის რეგიონებში 2006 წლიდან ეტაპობრივად ინიცირებული და მხარდაჭერილი 22 სათემო ახალგაზრდული ცენტრი მყარ ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის პროცესზე. ახალგაზრდულმა ცენტრებმა, წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად დაამტკიცეს, რომ წარმოადგენენ ახალგაზრდა ლიდერების გამოვლენის, გამოცდილების და ცოდნის დაგროვების, სოფლებში მოქალაქეთა გააქტიურების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ერთ-ერთ წარმატებულ საშუალებას. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლებასაც მსგავსი ცენტრების შექმნის სურვილი გაუჩნდათ.

სათემო ახალგაზრდული ცენტრები არის ერთადერთი “ნათელი წერტილი” სოფლებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას რეალურ დახმარებას და საჭირო მომსახურებას სთავაზობენ.

კარგი მმართველობის ხელშეწყობა

მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის საკითხებზე CSRDG 1998 წლიდან მუშაობს. ამ მიმართულებით ორგანიზაციის 12 წლიანმა საქმიანობამ და განხორციელებულმა არა ერთმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივი თვითმართველობის განვითარების საქმეში. ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო მონიტორინგის ქსელი, რომელიც ფარავს კახეთისა და გურიის რეგიონებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ცენტრის მიერ ორგანიზებულია 300-ზე მეტი ტრენინგი და სემინარი, 30-მდე სამუშაო შეხვედრა და ამდენივე საკონსულტაციო მომსახურება.

ქსელის საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესი, გაიზარდა თვითმართველობის ორგანოთა განჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა, ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, პირველმა დაიწყო საუბარი ბიზნესის კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის ქვეყანაში დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. CSRDG-იმ მოამზადა და გამოსცა “ანგარიშგების გლობალური ინიციატივა” (GRI) მდგრადი განვითარების ანგარიშგების ფორმატის ქართული ვერსია; შეიმუშავა რეკომენდაციები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის პოლიტიკის შესახებ საქართველოს მთავრობისთვის.

2007 წლიდან ცენტრი გაეროს “გლობალური შეთანხმების” (UN Global Compact) რეგიონული ქსელის აქტიური წევრია, რომელიც მსოფლიოში კორპორაციული მოქალაქეობის ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს;

მომხმარებლის უფლებები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაში. CSRDG-იმ სასურსათო ბაზარზე მომხმარებლის უფლებების დარღვევის ასობით ფაქტი გამოააშკარავა და კონტროლის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ვებ-გვერდს ყოველწლიურად ასობით ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. მედია და მოქალაქეები სისტემურად მიმართავენ ორგანიზაციას მომხმარებლის უფლებების კუთხით ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად.

სოციალური მეწარმეობა

CSRDG-ს ბაზაზე შეიქმნა „სოციალური მეწარმეობის ცენტრი“, რომლის მიზანია, სოციალური მეწარმეობის განვითარებით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და სამიზნე ჯგუფების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

სოციალური მეწარმეების და თემით დაინტერესებული პირებისთვის CSRDG-მ შეიმუშავა „სოციალური მეწარმეობის ტრენინგ-კურსი“, შესაბამისად ორგანიზაცია ამ მიმართულებით აქტიურად გასცემს თემატურ კონსულტაციებს. ასევე, CSRDG-ის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამარჯვებული სოციალური საწარმოები იღებენ უფასო კონსულტაციებს ორგანიზაციულ, ფინანსურ, მარკეტინგულ და საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.