Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში განაცხადის წარდგენის ვადა 25 ნოემბრამდე გრძელდება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით მიმდინარე კონკურსში „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ განაცხადების მიღება 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსის მიზანია, ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს, რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებაში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ ნომინაციებში:

  • სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული სტატია);
  • სატელევიზიო პროდუქტი;
  • მულტიმედია, ვიდეო პროდუქტი (ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო ან მულტიმედია პროდუქტი);
  • რადიო (რადიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა);
  • ბლოგი;

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კონკურსანტს გადაეცემა ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიაზე.

საკონკურსოდ წარმოდგენილი მედია მასალა და თანმხლები დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ 25 ნოემბრამდე, ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: mediacsrdg@gmail.com

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.