Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის განცხადება

სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის ფაქტი, ცნობილი გახდა 9 აგვისტოს, მთავარ არხზე, გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასული სიუჟეტით. აღნიშნული სიუჟეტი მოიცავდა, როგორც კონკრეტულ ფაქტებს (მაგ. ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების ფაქტს), ასევე დაუსაბუთებელ ეჭვებს (მაგ. გარიგებისა და გაშვილების), რის შედეგადაც მთელი ეს პერიოდია სოციალური მუშაკის მიმართ ვრცელდება სიძულვილის შემცველი ტექსტები და მუქარები.

არსებული აგრესიისა და საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, აღნიშნული შემთხვევის განხილვისას, სოციალურ მუშაკებმა უნდა იმოქმედონ სოციალური მუშაკის ეთიკის პრინციპების, მათ შორის, კონფიდენციალობის სრული დაცვით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უპირატესია ბავშვის უფლებები და ამ უფლებების დაცვასა და რეალიზებაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემის არსებობა. ბავშვისთვის უპირატესი უფლებაა იზრდებოდეს ბიოლოგიურ ოჯახში. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ოჯახისათვის საჭირო მხარდამჭერი მომსახურება და ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ჯანსაღ გარემოში ზრდა-განვითარებას, დაიცავს მას ძალადობისა და უგულებელყოფისაგან. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, როცა აღნიშნული ინტერვენცია უშედეგოა, ასევე ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ ვალდებულია მიმართოს უკიდურეს ფორმას – ბავშვი გამოიყვანოს ბიოლოგიური ოჯახიდან და განათავსოს სახელმწიფო ზრუნვაში. სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება კი გულისხმობს, რომ მისი განთავსების დღიდან უნდა გაგრძელდეს კვლავ ოჯახის გაძლიერებაზე მუშაობა, რათა ბავშვი რაც შეიძლება დროულად დაბრუნდეს თავის ბიოლოგიურ ოჯახში. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით, 2000 წლიდან დაიწყო და გრძელდება ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმა. სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში არსებული სახალხო დამცველის თუ სამოქალაქო სექტორის ანგარიშები და გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები ცხადყოფს, რომ არსებული პრინციპების პრაქტიკაში იმპლემენტაციას აქვს გამოწვევები და კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა სიღარიბე, ძალადობა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების დეფიციტი.

ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, ასევე მიგვანიშნებს არაერთი ტრაგიკული, გახმაურებული შემთხვევა, რის გამოც ამავე უწყების სოციალური მუშაკები საჯაროდ გაიფიცნენ 2019 წელს. ისინი, სამოქალაქო სექტორთან ერთად, ითხოვდნენ სახელმწიფოსაგან ეფექტური და დროული ღონისძიებების გატარებას, მათი შრომითი უფლებების და ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. სამწუხაროდ, მოთხოვნათა დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია.

მნიშვნელოვანია, მედია საშუალებები და სხვა დაინტერესებული პირები სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს საკითხებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და არ მოახდინონ პროფესიის დისკრედიტაცია, რადგან სოციალური მუშაკების პროფესიონალიზმზე და ბენეფიციარების მხრიდან ნდობაზეა დამოკიდებული მოწყვლადი ადამიანების/ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესება. პარალელურად, სახელმწიფომ უნდა შეაფასოს სოციალური მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა და იმოქმედოს პროაქტიულად სისტემის გაუმჯობესებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, განვითარდეს ოჯახის გაძლიერების ქმედითი სისტემა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან, თუნდაც დროებით გამოყვანის უკიდურესი აუცილებლობა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.