ჩვენი საიტები
GE

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს საფუძველი 1995 წლის ივლისში ჩაეყარა, მაშინ როცა ქართული საზოგადოებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნება პრაქტიკულად უცნობი იყო. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის გარდა, იმ პერიოდში მოქალაქეებში, ჯერ კიდევ სრულად არ იყო გააზრებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნება. ხოლო, სახელმწიფო ინსტიტუტები, მათი არსებობის აუცილებლობა და დანიშნულება ჯერ კიდევ სამომავლო გეგმებად ისახებოდა.

 

ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში, საერთო ღირებულებებისა და პრობლემის გარშემო გავერთიანდით მცირე ჯგუფი და ერთიანი ძალებით დავიწყეთ ფიქრი იმაზე თუ რა სარგებელი შეგვეძლო მოგვეტანა ქვეყნისთვის. სწორედ ამ იდეით დავაფუძნეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მას შემდეგ ჩვენი გუნდი ორინტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებას მოუტანს მთელს საზოგადოებას.

 

 

1995 წლიდან დღემდე, ორგანიზაციაში ეტაპობრივად გაფართოვდა როგორც გუნდის ძირითადი სამუშაო მიმართულებები, ისე მათი მიზნობრივი ჯგუფები. იმისათვის, რომ სრული სურათი შეგექმნათ თითოეული საქმიანობის საჭიროების, შედეგების და მიღწევების შესახებ გაეცანით ორგანიზაციის მიმართულებების გვერდს.

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებები

 

ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი აქტიურად აწარმოებს კვლევით საქმიანობას, ჩვენს პუბლიკაციებსა თუ ბიულეტენებში გამოქვეყნებული მაღალკვლიფიციური ექსპერტების სტატიები წარმატებული ინტერვენციების დაგეგმვის მყარ საფუძველს წარმოადგენს, სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთა უმრავლესობა გარკვეული ცვლილებებით მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ.

 

კერძოდ, ჩვენმა ორგანიზაციამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესებაში. ბოლო წლებში, აქტიურად ვართ ჩართული ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი და სოციალური სერვისების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების პროცესში. 1998 წლიდან დღემდე ჩვენი გუნდი მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ინიციატივებსა და პროექტებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

საკანონმდებლო და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში არსებულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 1998 წლიდან მხარს ვუჭერთ კარგ მუნიციპალურ მმართველობას, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში. 

 

ორგანიზაციის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა არსებითად გააუმჯობესა ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესი, ადგილობრივი თვითმართველობის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ჩართულობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. 2017-2020 წლებში სამიზნე ადგილობრივი თვითმმართველობების/რეგიონული ადმინისტრაციების/ცენტრალური მთავრობის მიერ გათვალისწინებულ იქნა CSRDG-ის მიერ მომზადებული 125 რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა დეცენტრალიზაციის პროცესთან, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პროცედურებთან, ბიუჯეტის მართვასთან, გარემოსდაცვასთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო-მარეგულირებელ ანდა ინსტიტუციურ ცვლილებებს. 

 

იხილეთ ვრცლად კარგი მუნიციპალური მმართველობის შესახებ

 

დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებაზე, კერძოდ მათ ორგანიზაციულ, ინფორმაციულ თუ ფინანსურ გაძლიერებაზე. აღნიშნული მიმართულებით, ჩვენი ექსპერტების მიერ მიერ შემუშავებული კონსულტაციების, ტრენინგებისა და სემინარების ციკლით ხელმძღვანელობენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.  

 

ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძლიერ აქტორებად ჩამოყალიბებისთვის ერთჯერადი ტრენინგი ან პროექტთან დაკავშირებული ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის. შესაბამისად, ორგანიზაციის მიდგომა ითვალისწინებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გრძელვადიან მუშაობას, რაც ხელ უწყობს ამ ორგანიზაციების პერსონალის ცოდნისა და უნარების, ასევე, ორგანიზაციული სისტემებისა და პროცედურების განვითარებას. 

 

იხილეთ ვრცლად საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების შესახებ

 

1998 წლიდან ორგანიზაცია მუშაობს თემის განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს ადგილობრივ ლიდერთა ჯგუფების ჩამოყალიბება-გაძლიერებას და მოსახლეობის მონაწილეობას სოფლის თემში არსებული პრობლემების გადაჭრაში. ეს ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას გამოავლინონ და  ადვოკატირება გაუწიონ თემში არსებულ პრობლემებს, ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დაამყარონ პარტნიორობა სხვა მხარეებთან და მოახდინონ რესურესების მობილიზება ლოკალურად განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის.

 

შესაბამისად, პროგრამა თავისი საქმიანობის ფარგლებში, ხელს უწყობს ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას, სათემო ჯგუფების ფორმირებას, მათ ფინანსურ გაძლიერებას და არაფორმალურ განათლებას. გარდა ამისა, ჩვენ წლების მანძილზე ვცდილობთ სათემო ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებს შორის გავაღრმავოთ ქსელური კავშირები და მხარი დავუჭიროთ მათ საერთო ინიციატივებს. მიმართულების ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და საზოგადოებრივი ინიციატივების დაფინანსებით წლების მანძილზე მოგვარდა სხვადასხვა მასშტაბისა და სიმწვავის ადგილობრივი პრობლემა. 

 

იხილეთ ვრცლად თემის განვითარების მიმართულების შესახებ - CDRC.GE

 

2004 წელს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგელობაზე დაიწყო საუბარი. მას შემდეგ, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და ექსპერტიზის ხელმისაწვდომობის მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ როგორც ფართო საზოგადოებასთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო სექტორთან და ბიზნეს კომპანიებთან. მიმართულების გუნდის მიზანია, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე სხვადასხვა სექტორთა თანამშრომლობის განვითარება. 

 

ჩვენ ვართ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა მდგრადი განვითარების ანგარიში GRI სტანდარტების მიხედვით. დღეს ორგანიზაცია საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობს კომპანიებს, GRI ფორმატით მდგრადი განვითარების ანგარიშის მოსამზადებლად.

 

იხილეთ ვრცლად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ - CSRGEORGIA.COM

 

2009 წელს, კვლავ ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო ორგანიზაცია აღმოვჩნდით, რომელმაც სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, სოციალური მეწარმეობა ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმართულების მიზანი არის  სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიისთვის, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოსაგვარებლად.

 

2019 წლიდან, ორგანიზაციამ მიმართულების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა გაუწია 37 სოციალურ საწარმოს. გარდა ამისა, სოციალური მეწარმეობის გუნდი მუდმივად ხელს უწყობს სოციალური საწარმოების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ორგანიზაციის მონაწილეობით, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, კრისტალმა, შექმნა ახალი პროდუქტი - სოციალურ საწარმოზე მორგებული „სოციალური კრედიტი“, რომელიც უკვე 12-მა სოციალურმა საწარმომ გამოიყენა.

 

იხილეთ ვრცლად სოციალური მეწარმეობის შესახებ - SEGEORGIA.ORG

 

მომხმარებლის უფლებების დაცვის თემაზე მუშაობა 2009 წელს დავიწყეთ და მას შემდეგ ჩვენი მიზანი საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაა. თავდაპირველად, გუნდი მხოლოდ სურსათის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა. დღეს, დაგროვილი გამოცდილებისა და გაზრდილი მხარდაჭერილი შედეგად, ორგანიზაციის კვლევითი სფეროები გაფართოვდა და სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტებსა თუ სერვისებს მოიცავს.

 

მიმართულების გუნდის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე  საკანონმდებლო ცვლილების მიღებაში, რამაც საბოლოო ჯამში, სურსათის ბაზრის უსაფრთხოების ხარისხის ზრდა განაპირობა. წარმატებული მუშაობის შედეგად, ორგანიზაციამ მომხმარებლის უფლებების დაცვის თემაზე მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის სახელი დაიმკვირდა. momxmarebeli.ge-ს ყოველწლიურად ჰყავს ასეულობით ათასი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუქის გვერდს www.facebook.com/momxmarebeli.ge/ 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით ჰყავდა 29 630-ზე მეტი მიმდევარი. მათი რაოდენობა სტაბილურად მზარდია. 

 

იხილეთ ვრცლად მომხმარებლის დაცვის შესახებ - MOMXMAREBELI.GE

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (EUGAA) ხელმოწერის დღიდან, CSRDG ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მრავალმხრივ ჩართულობას შეთანხმების დროული და სათანადო განხორციელების მონიტორინგსა და ადვოკატირებაში. 2015 წლიდან, ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულების მიზანია, საზოგადოებამდე მიტანა იმისა, თუ კონკრეტულად რა ვალდებულებებს ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმება. ვინაიდან აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებამ აკონტროლოს ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესი და მოსთხოვოს ხელისუფლებას მისი სათანადო აღსრულება, აუცილებელია მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში.

 

2017-2020 წლებში ჩვენ შევიმუშავეთ ასოცირების შეთანხმების შესრულების 13 ექსპერტული შეფასება, ჩავატარეთ 24 ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების 500-მდე წარმომადგენლისთვის, ევროასოცირების შეთანხმების 30-მდე თემაზე, მოვამზადეთ 36 მოკლე განმარტებითი ვიდეო ასოცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ადგილობრივ/რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გავეცით 31 გრანტი. თუმცა, მთავარი გამოწვევა გახლდათ ასოცირებასთან დაკავშირებული რეფორმების ხასიათი, რომელთა თარგმნას მუნიციპალურ დონეზე კონკრეტულ ქმედებებში საკმაო დრო სჭირდება.

 

იხილეთ ვრცლად ევროინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ - ASOCIREBA.GE

 

2019 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამწლიანი პროექტი „უფლებაზე დაფუძნებული სოციალური სერვისების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთათვის“ და აქტიურად დაიწყო სოციალური მომსახურებების განვითარების მიმართულებით მუშაობა. პროექტი საქართველოში სოციალურ სერვისებში ყოვლისმომცველი უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვით ქმნის ახალ, სრულიად უნიკალურ გამოცდილებას. უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების ასამოქმედებლად მუშავდება ყველა საჭირო დოკუმენტი, მომსახურების სტანდარტი და საგანმანათლებლო მასალა. მიმართულების მიზნია, საქართველოში უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების განვითარება, სადაც დაცული და მხარდაჭერილი იქნება დაუცველ სიტუაციებში მყოფი ადამიანების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებები.

 

მიმართულების გუნდი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: შესაბამისი პოლიტიკური, სამართლებრივი და საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფა და სოციალური მომსახურების მიმწოდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება მათი სოციალური სერვისების შემუშავების, დაგეგმვის, დანერგვისა და შეფასების მიზნით.

 

იხილეთ ვრცლად სოციალური მომსახურების განვითარების მიმართულების შესახებ