ჩვენი საიტები
GE

საქართველო სოციალური მეწარმეობის განსავითარებლად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველო სოციალური მეწარმეობის განსავითარებლად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

კონფერენციის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და გავლენის ფონდი აქციო, ევროპის ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაციასთან (EVPA) ერთად 2023 წლის 28-29 ივნისს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას „Impact in the Neighborhood. Catalyzing change through investments and policy.“

 

კონფერენციის მიზანია

სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების (social impact investing) მიდგომის პოპულარიზაციით.

ინვესტიცია გავლენისათვის (impact investing) მიდგომა გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების გრძელვადიან და საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების შექმნა, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური მოგების მიღება.

ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ფინანსური სისტემების ცვლილებებზე, სოციალური ეკონომიკის განვითარებისა და  სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების გზებზე სადისკუსიოდ და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

ვინ არიან მონაწილეები?

კონფერენციას დაესწრება 150-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებიდან.

სტუმრები არიან კორპორაციული სოციალური ინვესტორები (მაგ. კორპორაციული ფონდები, გავლენის ფონდები, გავლენის აქსელერატორები, სოციალური ბიზნესები), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროფესიონალები, ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, გავლენის ინვესტორები, კორპორაციული ფილანტროპიითა და სოციალური ინვესტირების თემებით დაინტერესებული პირები.

 

რას ეხება კონფერენცია?

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ წარმატებებსა და წარუმატებლობზე ფინანსური და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების მშენებლობაში, მათ შორის, კონფლიქტურ და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. ისინი ასევე წარმოადგენენ საუკეთესო პრაქტიკასა და ცოდნას 25+ ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინა, პალესტინა, ალჟირი, ტუნისი, ლიბანი, ეგვიპტე, სერბეთი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა და სხვა.

 

სადისკუსიო თემებია:

  • როგორ ავაშენოთ გავლენის მქონე ეკოსისტემა (impact ecosystem) ნოლიდან;
  • როგორ შევქმნათ სოციალური გავლენის ფონდები და მივცეთ ფინანსებზე წვდომა სოციალური მიზნის მქონე ბიზნესებს - თუნდაც მცირე რესურსების პირობებში;
  • როგორ შევქმნათ გრძელვადიანი კერძო-საჯარო პარტნიორობა კორპორაციებთან, ბანკებთან, მუნიციპალიტეტებთან ან სახელმწიფო ორგანოებთან;
  • პოლიტიკის ჩარჩო მიდგომები სოციალური გავლენის მქონე მეწარმეობის მეტად ხელშესაწყობად;
  • განსხვავებები ტრადიციულ და გავლენის მქონე ინვესტიციებს შორის;
  • გავლენაზე ორიენტირებული ფინანსები სოციალური მეწარმეებისთვის: რას ნიშნავს, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა უნდა გაკეთდეს ახალი საბაზრო რეალობის შესაბამისად?

 

სად გავიგო მეტი და როგორ დავრეგისტრირდე?

პროგრამის, სპიკერებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

 

პროექტის შესახებ

კონფერენცია ხორციელდება ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით, საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში. კონფერენციის მასპინძელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის პარტნიორები ასევე არიან: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

 

გაზიარება