Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

2019 წელს გაცემული გრანტები

“გარე განათების მოწყობა სოფელ ბავრაში”

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი ამოცანა იყო სოფელ ბავრაში არსებული ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, კონკრეტულად, 770 მეტრიანი გზის მონაკვეთზე გარე განათების მოწყობა. აღნიშნული გზა წარმოადგენს სოფლის შიდა გზას, რომელსაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს, გარდა ამისა, ამ გზაზე მდებარეობს სკოლა. შესაბამისად, გზის გარე განათება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი სოფლის მოსახლეობისთვის. პროექტის ფარგლებში „ბავრა ჯგუფმა“ შეიძინა გარე განათებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა და ჯამში სოფელში განთავსდა განათების 23 ბოძი.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • სათემო ორგანიზაცია „ბავრა ჯგუფი“

ადგილი

  • ახაქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბავრა

საგრანტო თანხა

  • 7 656,63 ლარი

დაფინანსების წყარო

ახალგაზრდები ცვლილებებისთვის

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი მიზანი იყო სოფელ მუჟავაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. საინიციატივო ჯგუფმა, სოფელი მუჟავის 76 სკოლის მოსწავლის და 68 ახალგაზრდისთვის მოაწყო სპორტული მოედანი. სპორტული მოედნით სარგებლობა დღეს შეუძლია არა მხოლოდ სოფელი მუჟავის ახალგაზრდებს და მაცხოვრებლებს, არამედ ახლომდებარე სოფლის მოსახლეობასაც.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • მუჟავის სათემო საინიციატივო ჯგუფი

ადგილი

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუჟავა

საგრანტო თანხა

  • 7650.63 ლარი

დაფინანსების წყარო

ახალგაზრდული ცენტრი „ფარი“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი მიზანი იყო თემში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და კეთილმოწყობა. პროექტის იდეა წარმოშვა სოფელში დასაქმების კუთხით არსებულმა პრობლემებმა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სოფლის ახალგაზრდების უმეტესობა არ აგრძელებს სწავლას, რაც იწვევს მათ დაუსაქმებლობას. ახალი სივრცე შეიქმნა იმისთვის, რომ მოსახლეობას შესთავაზოს სხვადასხვა პროგრამა და სერვისები, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებისთვის საჭირო უნარების შეძენას და გაუმჯობესებას. ცენტრში განთავსდა სოციალური საწარმო „მზეკო“, რომლის მიზანია თემში მცხოვრები ქალებისთვის ხელსაქმის სწავლება და დასაქმებისთვის ხელშეწყობა. სივრცეში განთავსდა, როგორც სატრენინგო, ისე სახელოსნო კუთხე.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“

ადგილი

  • მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფარი

საგრანტო თანხა

  • 7600 ლარი

დაფინანსების წყარო

„გადაამუშავე ნარჩენი და არა ბუნება“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი ამოცანა იყო თემში მცხოვრები მოზარდებისათვის გარემოსდაცვით საკითხებზე ცოდნის გაღრმავება და სუფთა, ჯანსაღი, უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობის გააზრება. ორგანიზაციამ, ახალგაზრდების მხარდაჭერით, შექმნა დედებისა და ბავშვების კლუბი, რომელიც წარმოადგენს გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის, ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოჩენისა და მათი გადაჭრის გზების ძიების ერთგვარ პლატფორმას. პროექტის ფარგლებში, სოფელში მოეწყო პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ადგილობრივ მაღაზიებს ორგანიზაციამ გადასცა მრავალჯერადი გამოყენების ქსოვილის ჩანთები. მომხმარებლებს, რომლებიც ათ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას შეიძენენ, მაღაზია გადასცემს ქსოვილის ჩანთებს, იმ პირობით, რომ შემდეგ ყიდვაზე სწორედ ამ ჩანთით დაბრუნდებიან. აღნიშნული კამპანია წარმატებული აღმოჩნდა – პოლიეთილენის პარკების გამოყენება შემცირდა. მომზადდა სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტი და დარიგდა სოფელში. სოფლის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობისათვის გამოცხადდა კონკურსი გარემოსდაცვითი სლოგანის შესარჩევად. საუკეთესო სლოგანი განთავსდა სწორედ იმ ქსოვილის ჩანთებზე, რომლებსაც დღეს აქტიურად იყენებენ ადგილობრივი მაღაზიები და მოსახლეობა.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • სათემო კავშირი „ანიბანი“

ადგილი

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა

საგრანტო თანხა

  • 1 995 ლარი

დაფინანსების წყარო

„ ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი ამოცანა იყო მოსახლეობის ინფორმირება ბიოდეგრადირებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების კუთხით. ნარჩენების არარაციონალურად გამოყენების მავნე პრაქტიკის აღმოფხვრელად სათემო ჯგუფმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, განახორციელა საინფორმაციო კამპანია მოსახლეობისთვის. ნარჩენების სწორად მართვის პრაქტიკის დასანერგად სათემო ცენტრის ეზოში მოეწყო სადემონსტრაციო კომპოსტერი, რომლის მეშვეობით მიღებული ორგანული სასუქი გამოიყენება ორგანიზაციის ეზოში არსებული მწვანე საფარის გასანოყიერებლად.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • ქალთა და ახალგაზრდობის სათემო ჯგუფი „არბოშიკი“

ადგილი

  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი არბოშიკი

საგრანტო თანხა

  • 2000 ლარი

დაფინანსების წყარო

„ისუნთქე CO2 გარეშე“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი ამოცანა იყო მოსახლეობის ინფორმირება სპეციფიური ნარჩენების კლასიფიკაციისა და მათი ღია წესით წვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შესახებ. ამ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით ორგანიზაციამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა. ახალგაზრდების დახმარებით მომზადდა საინფორმაციო ბანერის ტექსტი და განთავსდა სოფელში. გაკეთდა ორი ურნა პოლიეთილენის ბოთლებისათვის. მოხალისეების მხარდაჭერით შეგროვდა 2600 ცალი ბოთლის პლასტმასის თავსახური, რომლისგანაც დამზადდა სადემონსტრაციო სტენდი. ახალგაზრდებმა მეორეული საბურავებისგან დაამზადეს სკვერისთვის საყვავილეები და სკამები.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური

ადგილი

  • თორსის ადმინისტრაციული ერთეული, ხობის მუნიციპალიტეტი

საგრანტო თანხა

  • 1070 ლარი

დაფინანსების წყარო

,,გავიხალისოთ გარემო – შევამციროთ გარემოზე ზემოქმედება!“

პროექტის შედეგები

მერიის თემი მდებარეობს თბილისი – ბათუმის ცენტრალურ გზაზე, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სატვირთო გადაზიდვები. სოფელში მდებარეობს რკინიგზის სადგური და რამდენიმე ტექნიკური მომსახურების ცენტრი. სწორედ ამიტომ, სოფელში დაგროვდა სხვადასხვა ტიპის სპეციფიური ნარჩენი, რამაც საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას და მათ საქონელს. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა მცირე კვლევა, რომელმაც აჩვენა მოსახლეობის დამოკიდებულება გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგების გასაცნობად მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ძირითადად ეხებოდა ღია წვით გამოწვეულ საფრთხეებს და ნეგატიურ ზეგავლენას როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე ბუნებაზე. ახალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეების პროექტში აქტიურად ჩასართავად დასუფთავდა და კეთილმოეწყო ეზო, გაკეთდა სკვერი. შეგროვებული ნარჩენებით მოხალისეებმა დაამზადეს საყვავილეები, საქანელები, სკამები, მაგიდები და სხვადასხვა ნივთები. ღია სივრცის ამ ნაწილს სკოლა დღეს იყენებს სპორტის გაკვეთილებისათვის და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისთვის.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • მერიის საინიციატივო ჯგუფი ,,იმედი“

ადგილი

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, მერიის თემი

საგრანტო თანხა

  • 1848.30 ლარი

დაფინანსების წყარო

,,ვისწავლოთ თანადგომა დედამიწისადმი!“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება გარემოსდაცვით და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო საჯარო სკოლის პირველი სართული. მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც ათავსებენ სხვადასხვა საინფორმაციო მასალას გარემოსდაცვით და ნარჩენების მართვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა 3 ღია გაკვეთილი, ნარჩენების სეპარაციის და მეორეული გადამუშავების თემაზე, პირველი და მესამე საფეხურის მოსწავლეებისათვის. ჯამში, სემინარში მონაწილეობა მიიღო 200-მა მოსწავლემ. გარდა სემინარებისა, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ნარჩენების მართვა“, რომელსაც დაესწრნენ ორი სოფლის, ქვემო ნატანებისა და ჯუმათის, საჯარო სკოლის მოსწავლეები. ნატანების სკოლის ეზოში ჩატარდა დასუფთავების აქცია. ტრენინგებსა და სემინარებზე მიღებული ცოდნით, მოსწავლეებმა საბურავებისგან დაამზადეს 10 საყვავილე და განათავსეს სკოლის ეზოში სადემონსტრაციოდ.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • ქვემო ნატანების საინიციატივო ჯგუფი ,,იმედი”

ადგილი

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, მერიის თემი

საგრანტო თანხა

  • 2020 ლარი

დაფინანსების წყარო

„გავუფრთხილდეთ გარემოს“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლე-ახალგაზრდებში, რომლებიც ჭიაურის თემის 45%-ს შეადგენენ, გარემოსდაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, სპეციფიური ნარჩენების სწორად მართვის და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. პროექტის ფარგლებში მომზადდა ფოტოგამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოზარდებმა. გამოფენის შემდეგ მოეწყო დისკუსია იმაზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია დანაგვიანებულ გარემოს ნიადაგზე, ჰაერზე, წყალსა და ადამიანზე. მეორეული ნივთების ხელახლა გამოსაყენებლად, ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა საგნებისაგან დეკორატიული ნივთების დამზადება. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, გახშირდა ნარჩენების ღია წვის პრობლემები. ამიტომ ორგანიზაციამ ჩაატარა სემინარი კომპოსტერის მომზადების თაობაზე. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განსახორციელებლად სათემო კავშირის ეზოში გაკეთდა საჩვენებელი კომპოსტერი, რომელსაც ახალგაზრდები მეთვალყურეობდნენ. კომპოსტერიდან მიღებული სასუქი მუდმივად გამოიყენება ეზოში დარგული ყვავილნარის გასანოყიერებლად. საგანმანათლებლო აქტივობების შედეგად, სამი სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ადგილზე მოაწყვეს დასუფთავების აქცია. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა რამდენიმე შემეცნებითი ექსკურსია.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • „გავუფრთხილდეთ გარემოს“

ადგილი

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჰერეთისკარი

საგრანტო თანხა

  • 1 784 ლარი

დაფინანსების წყარო

„ჩვენთან ყველა-ფერი ნათელია“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი ამოცანა სასწავლო ცენტრის გაძლიერება და საზოგადოების წინაშე მისი უკეთ წამოჩენაა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით და შესაბამისად, ორგანიზაციის შესახებ ცნობადობის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ გადაამზადა ბუღალტერი, რათა მოსახლეობას მუდმივად მიაწოდოს პროფესიული ფორმით შედგენილი ფინანსური ანგარიში. ახალგაზრდებში სასწავლო ცენტრის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ორგანიზაციამ აიყვანა ადგილობრივი მოხალისე, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ჩაატარებს ახალგაზრდულ შეხვედრებს. დაიგეგმა შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც ჩატარდება პროექტის დასრულების შემდეგ და რომლის მიზანია საზოგადოებისათვის ორგანიზაციის საქმიანობის უკეთ გაცნობა. გვექნება იმ აბიტურიენტების შედეგების პრეზენტაცია, რომლებმაც სასწავლო ცენტრის დახმარებით წარმატებით ჩააბარეს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ორგანიზაციის ბიბლიოთეკის მკითხველები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • სასწავლო ცენტრი „გუმბათი“

ადგილი

  • წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუმბათი

საგრანტო თანხა

  • 3 976.86 ლარი

დაფინანსების წყარო

„ახალგაზრდული ფესტივალი“

პროექტის შედეგები

პროექტის მიზანი იყო, რეგიონში კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა. ორგანიზაციამ სხვადასხვა დაწესებულებებთან, კერძო კომპანიებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სოფელ ენისელში ჩაატარა ახალგაზრდული ფესტივალი. ასეთი მასშტაბის ფესტივალი სოფელში პირველად ჩატარდა. ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების განხორციელებაში. მათი დახმარებით მოიხატა და გაფორმდა საფესტივალო ტერიტორია. ფესტივალის მუსიკალურ თუ გასართობ ნომრებში მონაწილეობდნენ თავად ადგილობრივები, რაც უდავოდ ხელს უწყობს სოფლის მაცხოვრებლების გააქტიურებას და წახალისებას. გარდა სხვადასხვა სახალისო აქტივობისა, ფესტივალზე მოწვეული თითოეული სტუმრისათვის მომზადდა საჩუქარი. მათ დაურიგდათ ბრენდირებული ფინჯნები და საინფორმაციო ბროშურები, რაც ორგანიზაციის შესახებ ცნობადობის გაზრდას და საზოგადოებაში პოზიტიური დამოკიდებულების დამკვიდრებას ემსახურება.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის

ადგილი

  • ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ენისელი

საგრანტო თანხა

  • 3 994.90 ლარი

დაფინანსების წყარო

„#გაგვიცანი - თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“

პროექტის შედეგები

პროექტის მიზანი იყო თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ცნობადობის და საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების პორტალზე განთავსდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, მათ მიერ განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების შესახებ. საზოგადოებაში ცნობადობის გასაზრდელად მომზადდა და დაიბეჭდა ბანერი, სტიკერები და საინფორმაციო ბროშურები. ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა ორგანიზაციის ვებსაიტის შექმნაზე, რომელიც მუდმივად განახლებულ ორენოვან ინფორმაციას მიაწვდის დაინტერესებულ ადამიანებს. ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, შედეგად მუნიციპალიტეტთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ორწლიანი მემორანდუმი.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

ადგილი

  • ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ენისელი

საგრანტო თანხა

  • 3999.99 ლარი

დაფინანსების წყარო

„სუფთა ფურცლიდან“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი მიზანი იყო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა, საზოგადოებაში პოზიტიური დამოკიდებულების მოპოვება და თემის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა. პროექტის განხორციელებამდე ორგანიზაციამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დაესწრო 5 თემის (ხობი, ხამისქური, ხეთა, თორსა, პირველი მაისი) მოხალისეები და ორგანიზაციის წევრები. შეხვედრის მიზანი იყო, დაგეგმილ აქტივობებში სხვა თემის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა. პროექტის ფარგლებში მოხდა ორგანიზაციის ბუღალტრის გადამზადება, რაც ორგანიზაციის განვითრებისათვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩატარდა ტრენინგი 5 თემის 20 მოხალისისათვის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის თემაზე. ორგანიზაციის ერთ-ერთი მოხალისის დახმარებით, პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სხვადასხვა ტიპის ბრენდირებული ნივთები, რომლებიც ორგანიზაციის მოხალისეებს, პარტნიორებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გადაეცათ. მომზადდა საინფორმაციო ბროშურები ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გავრცელდა 5 თემში. კიდევ უფრო მასშტაბური ჩართულობის და ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის მიზნით, ორგანიზაციამ გამოაცხადა 5 თემის ახალგაზრდებისათვის იდეების კონკურსი. ორგანიზაციაში მოეწყო, განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის ამსახველი, საინფორმაციო სტენდი. მომზადდა ვიდეოკოლაჟი, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სადაც ესწრებოდნენ ხუთი თემის მოხალისეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციები.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • განათლების და განვითარების ცენტრი „თოლისკური“

ადგილი

  • ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი თორსა

საგრანტო თანხა

  • 4 000 ლარი

დაფინანსების წყარო

„ჩვენ ცვლილებებისთვის“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი ამოცანა იყო, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებისთვის ორგანიზაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვებისადმი ტოლერანტობის გაღრმავება. ამ მიზნით ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა მოსახლეობასთან მუდმივ საინფორმაციო შეხვედრებს და საკითხით დაინტერესებულ პირებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ორგანიზაციის ცნობადობის გასაზრდელად მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები აქტიურად გამოიყენება მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის დროს. სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებისა და ოჯახის წევრების ჩართულობით ჩატარდა კვლევა ამ ბავშვების საჭიროებებისა და გამოწვევების დასადგენად. აღნიშნული კვლევის შედეგები დაიბეჭდა და გავრცელდა კვლევის პრეზენტაციის დღეს. მომზადდა საინფორმაციო გადაცემები საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების გასაღრმავებლად.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • „ილი”- სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლები ცვლილებებისთვის

ადგილი

  • ქალაქი ზუგდიდი

საგრანტო თანხა

  • 3 800 ლარი

დაფინანსების წყარო

“გამჭვირვალე ხელები”

პროექტის შედეგები

პროექტის მიზანი იყო სათემო კავშირის – “კედელი“ – საქმიანობაში გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების დანერგვა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით ორგანიზაციის პოპულარობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სხვადასხვა მასალა, რომელსაც მუდმივად იყენებს ორგანიზაცია აქტივობებსა და ღონისძიებებში. მომზადდა ვიდეო, რომელშიც ასახულია თუ რა გზა გაიარა ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე და რა პროექტებს ახორციელებს წლების განმავლობაში. თემის მოსახლეობის გააქტიურების მიზნით შეირჩა ათი ყველაზე აქტიური ქალი, რომლებთანაც ჩაიწერა ინტერვიუ და მომზადდა ფოტომასალა. ეს მასალები განთავსდა ორგანიზაციის ოფისში და პროექტის დასკვნით შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოეწყო გამოფენა. მოსახლეობის ჩართულობამ გაზარდა ნდობა ორგანიზაციის მიმართ და სხვა ქალებსაც გაუჩნდათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში. შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო როგორც თემის მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობა, ისე რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • სათემო კავშირი კედელი

ადგილი

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აფენის, ჰერეთის, შრომის, ვარდისუბნის და ცოდნისკარის თემი

საგრანტო თანხა

  • 4 000 ლარი

დაფინანსების წყარო

„ხანდაზმულები საკუთარი და თემის გაძლიერებისთვის“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი მიზანი იყო ასოციაციის წევრების გადამზადება და ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება, ასევე თვითმმართველობის დაინტერესება ორგანიზაციის საქმიანობით და მათი ჩართულობის გაზრდა. ამისათვის გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი პენსიონერები. შეხვედრაზე დაიგეგმა გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა თვითმმართველობამ და წნორის სკვერის კეთილმოწყობისთვის ორგანიზაციას გადასცა ინვენტარი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 16-მა პენსიონერმა. მათ დაასუფთავეს და გაამწვანეს წნორში არსებული ცენტრალური სკვერი. პროექტში ჩართული პენსიონერების წასახალისებლად, სკვერში განთავსდა საინფორმაციო დაფა მათი სახელებითა და გვარებით. გარდა აღნიშნული აქტივობებისა, ტექნიკური უნარების ასამაღლებლად, პენსიონერებისათვის ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი და ლექცია.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • პენსიონერების ასოციაცია

ადგილი

  • სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქალაქი წნორი

საგრანტო თანხა

  • 3 990 ლარი

დაფინანსების წყარო

„ორგანიზაციული გამჭვირვალობა - სამოქალაქო საზოგადოების ნდობის გარანტი“

პროექტის შედეგები

პროექტის მთავარი მიზანი იყო ქალაქ ჯვარსა და მიმდებარე სოფლებში ჯვარის სათემო განათლების ცენტრის შესახებ ცნობადობის და ორგანიზაციის მიმართ ნდობის გაზრდა. პირველ რიგში, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია, სადაც დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ასევე, ჩატარდა სამი საინფორმაციო სახის შეხვედრა, გამოიკვეთა საორგანიზაციო საკითხები და მოხდა მოხალისეების მობილიზება. გარდა მოსახლეობისა, შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი მთავრობის წევრებთან და თემის ლიდერებთან, რათა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებიც ჩართულიყვნენ პროექტის განხორციელებაში. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მასშტაბურად გავრცელების მიზნით მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი და გავრცელდა არა მხოლოდ ქალაქ ჯვარში, არამედ მიმდებარე სოფლებში. ასევე, პროექტის ფარგლებში გაიმართა შემაჯამებელი ფესტივალი, სადაც გამოფენილი იყო ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა. მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში. ფესტივალმა ორგანიზაციას მისცა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა ბენეფიციარების შეფასებები. სადემონსტრაციო კუთხეების საშუალებით მოსახლეობისთვის უფრო ნათელი გახდა ორგანიზაციის საქმიანობა, მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • ჯვარის სათემო განათლების ცენტრი

ადგილი

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ჯვარი

საგრანტო თანხა

  • 4 000 ლარი

დაფინანსების წყარო

„კეთილმოწყობილი თანამედროვე სივრცე მომავალი განვითარებისთვის“

პროექტის შედეგები

პროექტი ემსახურებოდა ცოდნისკარის თემში მცხოვრები ქალების, ახალგაზრდების, მოზარდების პიროვნულ განვითარებას, არაფორმალური განათლების მიღებას და სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდას. პირველ რიგში, სოფელში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა და ორგანიზაციამ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების შესახებ. იმისათვის, რომ ორგანიზაციის საქმიანობებში ჩართულიყო ადგილობრივი მოსახლეობა გარემონტდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობის პირველ სართულზე არსებული ოთახი. აქ ტარდება ტრენინგები, შეხვედრები, გაკვეთილები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • ქალთა და ახალგაზრდობის სათემო ცენტრი „ცოდნის კარი“

ადგილი

  • სოფელი ცოდნისკარი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, კახეთი

საგრანტო თანხა

  • 7 995 ლარი

დაფინანსების წყარო

„ანიმაციის სტუდია, თემის კულტურული ცხოვრების მხარდასაჭერად’’

პროექტის შედეგები

სოფელ ნაფარეულში არსებული ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა „ანიმაციური სტუდია“. თემში მცხოვრებ ხატვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიძინონ შესაბამისი ცოდნა და უნარები ანიმაციის შესაქმნელად, შესაბამისად გამოიყენონ და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება. პროექტის ფარგლებში, საჭირო ტექნიკით აღიჭურვა ორგანიზაციის ერთი ოთახი, სადაც ტარდება სპეციალური გაკვეთილები ანიმაციური ფილმებისა და სარეკლამო რგოლების შესაქმნელად საჭირო ტექნიკის დასაუფლებლად.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • კავშირი ნაფარეული

ადგილი

  • სოფელი ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთი

საგრანტო თანხა

  • 7986.5 ლარი

დაფინანსების წყარო

„წარსულიდან მომავლისკენ“

პროექტის შედეგები

პროექტის მიზანი იყო ნაფიჩხოვოს თემში არსებული კულტურის სახლში საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა. რეაბილიტირებულ და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ დარბაზში საინიციატივო ჯგუფის წევრების ორგანიზებით გაიმართა სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“, რომელშიც 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ასევე, გაიმართა საღამო ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. გარდა ამ ღონისძიებებისა, აღნიშნულ სივრცეს აქტიურად იყენებს სკოლა და სოფელში არსებული ფოლკლორული ანსამბლი.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • ნაფიჩხოვოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი “ომარტე“

ადგილი

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ნაფიჩხოვოს თემი

საგრანტო თანხა

  • 7 986 ლარი

დაფინანსების წყარო

„წარსულის კვალდაკვალ“

პროექტის შედეგები

პროექტის მიზანი იყო თემში არსებული ისტორიულ – კულტურული ძეგლების პოპულარიზაციით ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაზრდა, მოსახლეობის მეტად ინფორმირება და განათლების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, თემში არსებული ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიების შესახებ დამზადდა 8 საინფორმაციო ბანერი, რომელიც განთავსდა 8 ადგილზე. აღნიშნულ ისტორიულ ძეგლების შესახებ მომზადდა ვიდეორგოლი. მოპოვებული ინფორმაციისა და ფოტომასალის დახმარებით, ტურისტული კომპანიებისათვის შეიქმნა 100 საინფორმაციო ბროშურა. გარდა საინფორმაციო ბროშურებისა და ბანერებისა, პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიების ტურისტული ბილიკებით მარკირებული რუკა, რომლის მიხედვითაც დამზადებული 3 ბანერი დამონტაჟდა სოფლის ცენტრალურ გზაზე. თემში ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად გაკეთდა ეკლესიებთან მისასვლელი საცალფეხო ბილიკების მარკირება. პროცესში ჩართული იყო თემში მცხოვრები 50-მდე ახალგაზრდა. ჯამში, მოეწყო 8-ვე ეკლესიისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკი და გეკეთდა მარკირება. ფშაველის თემის და მეზობელი სოფლების ახალგაზრდებისთვის მოეწყო ლაშქრობები მარკირებულ ლოკაციებზე. გარდა ამისა, ჩატარდა ტრენინგ/სემინარები შემდეგ თემებზე: ტურისტული გიდობა, ეფექტური კომუნიკაცია, ნარჩენების მართვა, გობელენისა და თექის დამუშავების სწავლება. ჯამში ჩატარდა: 2 ტრენინგი, 1 სემინარი, 2 სახელობო კურსი, რომელებსაც დაესწრო თემის 50-მდე მაცხოვრებელი.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • სათემო განვითარების ცენტრი „აისი“

ადგილი

  • სოფელი ფშაველი, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთი

საგრანტო თანხა

  • 7847 ლარი

დაფინანსების წყარო

„ჯანსაღი საკვები ჩვენს ბავშვებს“

პროექტის შედეგები

პროექტი ემსახურებოდა სოფელ რუისპირში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით, დაავადებების რიცხვის შემცირებას და ჯანსაღი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბიოდინამიური მეურნეობის ბაზაზე ჩატარდა 4 თეორიული ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: მევენახეობა; მებოსტნეობა; მცენარეული ნაყენების და კომპოსტერის მომზადება. ასევე, ჩატარდა 6 პრაქტიკული კურსი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში. .

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • „რუისპირის ქალთა საინიციატივო ჯგუფი“

ადგილი

  • სოფელი რუისპირი, თელავის მუნიციპალიტეტი , კახეთი

საგრანტო თანხა

  • 1969 ლარი

დაფინანსების წყარო

,,სპორტი და განვითარება“

პროექტის შედეგები

პროექტის მიზანი იყო სამიქაოს თემში სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობა, რომელიც გახდებოდა თემში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, თავშეყრის ადგილი. ამ მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოსახლეობის დახმარებით, განხორციელდა სხვადასხვა სამუშაოები: დაიგო ფილები, დამონტაჟდა სკამები, გარე განათების ლამპიონები და სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სოფლის მოსახლეობა ჩაერთო სკვერის დასუფთავების კამპანიაში. საბოლოო შედეგების დემონსტრირების მიზნით, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობისთვის ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და გაკეთდა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოგამოფენა.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • განათლებისა და განვითარების ცენტრი მაკრონი/span>

ადგილი

  • აბაშის მუნიციპალიტეტი, სამიქაოს თემი

საგრანტო თანხა

  • 7976,95 ლარი

დაფინანსების წყარო

„აიმაღლე განათლება-გახდი თვითდაჯერებული“

პროექტის შედეგები

პროექტის მიზანი იყო, ქვემო ხოდაშენში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა სივრცე, შეიცვალა დაზიანებული ინვენტარი, ოთახები აღიჭურვა სხვადასხვა ტექნიკით და ავეჯით. ორგანიზაციამ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, შეიძინა სხვადასხვა თემატური ლიტერატურა, რომელსაც აქტიურად იყენებს საჭიროების მიხედვით. შედეგად, შეიქმნა გარემო, სადაც, ერთის მხრივ, ახალგაზრდები გეგმავენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს, მეორეს მხრივ, ქალთა საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს პროგრამულ საქმიანობას.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • ქვემო ხოდაშენის ქალთა საინიციატივო ჯგუფი

ადგილი

  • სოფელი ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთი

საგრანტო თანხა

  • 7980 ლარი

დაფინანსების წყარო

„ჩვენი სივრცე - გზა წარმატებისაკენ“

პროექტის შედეგები

პროექტის მიზანი იყო ხორნაბუჯის თემში ქალებისა და ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, მათი სოციალური, კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. მიზნის მისაღწევად, სოფელ ხორნაბუჯში არსებული ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ოთახში ჩატარდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაო, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, ავეჯით და საოფისე ტექნიკით.
პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის (დაახლოებით 300 კომლი) და მეზობელი სოფლებისათვის შეიქმნება კეთილმოწყობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი, ლამაზი აივნით და ეზოთი. ამ სივრცეში ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება: ტრენინგები, შეხვედრები, დისკუსიები, ღია გაკვეთილები, მზადდება ხელნაკეთი ნივთები, ეწყობა გამოფენები, შემოქმედებითი საღამოები და სხვ.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

  • ქალთა და ახალგაზრდობის ცენტრი ხორნაბუჯი-თამარის ციხე

ადგილი

  • სოფელი ხორნაბუჯი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კახეთი

საგრანტო თანხა

  • 7 944.6 ლარი

დაფინანსების წყარო

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.