Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ორგანიზაციის განცხადება ჟურნალისტური კონკურსის შესახებ

ამა წლის 18 თებერვალს, საქართველოს მწერალთა სახლში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, მედია კონკურსის „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისათვის“ გამარჯვებულთა რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ეს გახლავთ კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის შესახებ პირველი ასეთი სახის მედია კონკურსი ჟურნალისტებისათვის, რომელიც CSRDG-ის მიერ დაფუძნდა და უკვე მეორე წელია წარმატებით ტარდება. კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება. კონკურსს წინ უძღოდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე ჟურნალისტებისათვის გამართული მედია ტრენინგების სპეციალური ციკლი.

მედია კონკურსი 2019 წლის დასაწყისში გამოცხადდა და მასში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა მედია პროფესიონალებისა და CSR-ის ექსპერტებისაგან შემდგარი, დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსში მონაწილეობა 33 ჟურნალისტმა მიიღო.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) თემაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებისთვის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდნენ: სატელევიზიო სიუჟეტი – მანანა გიგინეიშვილი – პირველი არხი; რადიო – ნინო ხუგაშვილი – რადიო იმედი; სტატია – ქეით რუთ დეივისი – Georgia Today; მულტიმედია – ნინო ვართაპეტიანი – ტელეკომპანია ბორჯომი; ბლოგი – მარიამ მჭედლიძე – Forbes Georgia. გამარჯვებულ ჟურნალისტებს ფულადი პრიზი 1500 ლარი გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ მედია პროფესიონალები, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კონკურსის გამოცხადების შემდეგ ჩვენ მოგვმართა კომპანია Japan Tobacco International (JTI)-მა შემდეგი წინადადებით, რომ კონკურსში მონაწილე ჟურნალისტებს შორის საკუთარი კრიტერიუმებით, ჩვენგან დამოუკიდებლად შეარჩევდა მათი სახელით გამარჯვებულ ორ ჟურნალისტს, რომელთაც საჯაროდ დაასახელებდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაზე და იქვე გადასცემდა მათივე დაწესებულ სპეციალურ პრიზს. კერძოდ, კომპანიის მხარდაჭერით მათი შერჩეული 2 ჟურნალისტი ქალაქ ვენაში გამართულ European Publishing Congress-ზე გაემგზავრება. კონგრესი არის ექსკლუზიური ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მედია პროფესიონალები ესწრებიან და მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს განიხილავენ. რამდენადაც ვიცით, JTI წლებია საკუთარი კრიტერიუმებით გამორჩეული ჟურნალისტების, გამომცემლების ვენის კონგრესში მონაწილეობის ხარჯებს აფინანსებს. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ვენის კონგრესზე გამგზავრება ექსკლუზიური შესაძლებლობა იქნებოდა ნებისმიერი ქართველი ჟურნალისტისათვის მათი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. ამდენად, პროექტის ფარგლებში გამოვლენილი და დაჯილდოებული 5 ჟურნალისტის მიღმა მედია დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანია JTI – ის მხრიდან ასევე დასახელდა და დაჯილდოვდა მათ მიერ დამოუკიდებლად გამოვლენილი 2 გამარჯვებული ჟურნალისტიც.

გვინდა, საზოგადოებას განმარტება მივაწოდოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, გარკვევით ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენ სრულად და საჯაროდ ვემიჯნებით თამბაქოს, მისი მოხმარების ან წარმოების ყოველგვარ ხელშეწყობას და პოპულარიზაციას.

თუკი Japan Tobacco International – ის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, შესთავაზა რა ჟურნალისტებს კონგრესში მონაწილეობის ხარჯების დაფარვა, კომპანია თავადაა პასუხისმგებელი პასუხი გასცეს ამ მიმართულებით დასმულ შესაბამის კითხვებს. ჩვენი მხრიდან გვინდა განვაცხადოთ, რომ ორგანიზაციას არანაირი ფინანსური ურთიერთობა არ აკავშირებს Japan Tobacco International-თან, მათგან არასდროს არ მიგვიღია არანაირი სახის დახმარება, ის არ ყოფილა ჩვენი არცერთი საქმიანობის სპონსორი, ჩვენი საქმიანი შეხება მოხდა მხოლოდ ამ დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან ამ კონკურსთან კავშირი კი გამოიხატება მხოლოდ იმით, რომ კომპანია მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ კონკურსის ორ მონაწილე ჟურნალისტს შესაძლებლობას მისცემს დაესწრონ ქალაქ ვენაში გამართულ კონგრესს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ სრულად და საჯაროდ ვემიჯნებით თამბაქოს, მისი მოხმარების ან წარმოების ყოველგვარ ხელშეწყობას და პოპულარიზაციას. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით სხვადასხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილ ყველა საქმიანობას და ყოველთვის განსაკუთრებით ვუფრთხილდებით საკუთარ საქმიან რეპუტაციას, ვიცავთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის პრინციპებს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა COVID- 19 – თან ბრძოლის საგანგებო რეჟიმში იმყოფება და საზოგადოების წინაშე მთელი რიგი მწვავე და პრიორიტეტული გამოწვევები დგას, იქედან გამომდინარე, რომ Japan Tobacco International (JTI) – ს მხრიდან მედია დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობამ შესაძლოა, საზოგადოების წინაშე გარკვეული კითხვები წარმოშვა, ჩავთვალეთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით, მაგრამ მაინც უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი მხრიდან პატარა განმარტება და ამ საკითხზე კიდევ ერთხელ საჯაროდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.