Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.



ისტორიები სოლიდარობაზე – გორის მიწისძვრა


გვინდა მოგიყვეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს და სხვადასხვა დროს მომხდარი #ისტორიებისოლიდარობაზე, რომლებმაც საზოგადოება ერთი პრობლემის გარშემო გააერთიანა და გვაჩვენეს, რომ სახალხო დაფინანსება ანუ ქრაუდფანდინგი საქართველოს საზოგადოების კულტურისა და ტრადიციის ნაწილია.

გორის მიწისძვრა, 1920 წელი!
„ქვაც აცრემლდება გორის რაიონის უბედურებით. დაეხმარეთ დაზარალებულთ. წვეთით ზღვა შესდგება! მოქალაქევ! გაიღე შენი წვლილი გორისათვის,“ – წერდა გაზეთი „სახალხო საქმე“ 1920 წლის თებერვალში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მეცხრე დღეს.
პირველი დახმარება გორელებს რესპუბლიკის მთავრობამ აღმოუჩინა – ათეულობით მილიონი მანეთი გამოიყო, გორში გაიგზავნა ჯარი, სახალხო გვარდია, მედიკო-სანიტარული ჯგუფები.
სოლიდარობის მიზნით ერთ-ერთი პირველები აფხაზები გაერთიანდნენ – ადგილობრივმა დეპუტატებმა ჯამაგირიდან 40 000 მანეთი გადადეს, აფხაზეთის კომისარიატის საწყობებიდან გორში დაუყოვნებლივ გაგზავნეს 4 ათასი ფუთი სიმინდი, დაზარალებულთა სასარგებლოდ შემოწირულობის შესაკრებად დახმარების კომიტეტი დაარსდა.
აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვარლამ შერვაშიძე, ნოე ჟორდანიას წერდა: “დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ იმედი უნდა იქონიოს, რომ აფხაზეთის ეროვნული საბჭო ყოველმხრივ დაეხმარება მათ დაზარალებულთათვის შველაში და ქართლის უძველესი ცენტრის აღდგენაში“.
იმ წელს საქართველო, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, მსოფლიო ომის შემდგომ უმძიმეს გაჭირვებაში იყო. ამის მიუხედავად, მოქალაქეებში დიდი იყო სოლიდარობის განცდა, როცა თავად სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანები უპირობოდ ეხმარებოდნენ კიდევ უფრო მეტად გაჭირვებულებს.
გორელთა დასახმარებლად გაერთიანდნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც, სომეხთა ეროვნულმა საბჭომ 50 000 მანეთი შეაგროვა; ასევე მოიქცნენ გერმანელები.
ბათუმში სხვადასხვა დაწესებულების მოსამსახურეებმა და ქარხნის მუშებმა 1 400 000 მანეთს მოუყარეს თავი. ასი ათასობით მანეთი შეაგროვეს ჭიათურელმა მუშებმა, მათ შორის, ფული შესწირეს მიზერულ ანაზღაურებაზე მომუშავე მეურმეებმაც.
1920 წლის თებერვლის ბოლოსთვის გორის მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად მხოლოდ მოქალაქეებმა სულ რამდენიმე დღეში მილიონ ნახევარი მანეთი შეაგროვეს.
ისე კი, გორელების დასახმარებლად, ათეულობით მილიონი მანეთი შეგროვდა.
ეს ერთი ამბავია საზოგადოებრივი სოლიდარობის ბევრი ამბიდან, რომელიც ერთ წიგნშია თავმოყრილი – “ინიციატივა ცვლილებისათვის სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე.”
პროექტის ხელმძღვანელი, ანა მარგველაშვილი ყვება, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მოქალაქეები მრავალი წლის განმავლობაში ერთიანდებოდნენ ღარიბების, მარტოხელების, სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებული მოქალაქეების, გაჭირვებული სტუდენტების დასახმარებლად. ასი წლის წინანდელი ეს ამბავიც მომწონს, რომ სახალხო დაფინანსება ანუ ქრაუდფანდინგი საქართველოს საზოგადოების კულტურისა და ტრადიციის ნაწილია. 1900-იან წლებში უბრალოდ სიტყვა “ქრაუდფანდინგს” არავინ იყენებდა.
ანა ამბობს, რომ საზოგადოებრივი სოლიდარობის ისტორიაზე მუშაობის იდეაც ასეთი სახალხო დახმარების მერე გაჩნდა, კოვიდ-პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვებისა და ჩაკეტილობის გამო, უამრავ ადამიანს რთული პერიოდი რომ დაუდგა და მოქალაქეებმა ერთმანეთის პრობლემების გაზიარება და ზრუნვა დაიწყეს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.