Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ისტორიები სოლიდარობაზე – ქართველი ქალები ფლორენციიდან


გვინდა კიდევ ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხარეს გურიას და შორეულ იტალიას აკავშირებს.
***
შარშანწინ, მარტის დასაწყისში, დუომოს ზარებმა რომ შუადღის თორმეტზე დარეკეს და პანდემიის გამო ფლორენციაში ცხოვრება გაჩერდა, ოპერის ერთმა მომღერალმა საკუთარ აივანზე შეასრულა პუჩინის ტურანდოტიდან უცნობი პრინცის არია. ფლორენციელებმა მერე ექიმებს დაუკრეს მქუხარე ტაში. ისე კი, უმძიმესი დრო იყო – სასოწარკვეთის, შიშის, გლოვის და ერთმანეთის გამხნევების დრო. გაუჭირდა ყველას, იქ მცხოვრებ ემიგრანტ ქართველ ქალებსაც, ათასი კილომეტრის იქით რომ გადაიხვეწნენ უკეთესი მომავლისთვის.
ამ გაჭირვების გამო შეხვდნენ მაკას, გურიის მედიატორთა ასოციაციიდან, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ, რომ მძიმე ცხოვრებასა და უჩვეულო კარჩაკეტილობაზე გული მოეოხებინათ, საშველი ეპოვათ.
იპოვეს ეს საშველი და მერე სამადლობელ ჟესტად გაერთიანდნენ გურიის სოფლებში სხვების დასახმარებლად. “ერთად ვაკეთოთ სიკეთე” – ასე დაარქვეს ფონდს. ჰოდა, ნინო, ნანა, ლუიზა, სოფო, ირმა, ინგა, ცირა, სულ 15 ქალი ფლორენციიდან, ლუკადან, ემპოლიდან, სიენასა თუ ლივორნოდან ჯუმათში, ბაილეთში, ნატანებში, მერიაში, ბახვსა და მაკვანეთში ეხმარებოდნენ მეზობლებს, ნაცნობებს და უცხოებს – ზოგს წამალი არ ჰქონდა, ზოგს საკვები, ზოგსაც უბრალოდ ფული დასჭირდა.
პანდემია კი თითქოს დასრულდა მაგრამ ეს ფონდი დღემდე არსებობს, მეორე წელია ეს ქალები ყოველთვიურად აგროვებენ ფულს – დაახლოებით ათას ლარს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სხვა საჭირო ნივთებს და დღემდე ეხმარებიან გურიის სოფლებს. ამ ქალებს გვარებიც აქვთ ცხადია, მაგრამ ნუ იტყვითო, ჩუმად გავაგრძელებთ კარგი საქმის კეთებასო.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.