Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მიმდინარე პროექტები

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

    • საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია;
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება;
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით;

პროექტის ხანგრძლივობა

      • 2021-2025 წელი

პროექტის დონორები

პროექტის აქტივობებში იგეგმება საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 80%-ის (800-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, მათ შორის, დაახლოებით 150 სათემო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი) ჩართვა. ასევე,
პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ახალგაზრდები და სკოლის მასწავლებლები (შესაბამისად, 3000 და 600-მდე ინდივიდი), 5000-მდე სოციალური აქტივისტი და მოქალაქე. პროექტი ითვალისწინებს საჯარო უწყებების (ადგილობრივი ხელისუფლების ჩათვლით) 200-მდე წარმომადგენლის, 100 ბიზნესსუბიექტისა და მედიის 250 წარმომადგენელის ჩართულობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს რვა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

პროექტის ფეისბუქ გვერდი

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის

პროექტის აღწერა

ევროკავშირის მხარდაჭერით სამწლიანი პროექტი “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა“ ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ (თელავი, კახეთი) და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ (ოზურგეთი, გურია) ერთად.

პროექტის მიზანი

საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს. ერთი მხრივ პროექტის აქტივობები ფოკუსირებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების განვითარებასა და პილოტირებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკურ/ პროფესიონალური გარემოს გაუმჯობესებაზე აღნიშნული მიდგომის ეროვნულ დონეზე მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის ამოცანები

  • სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობების განვითარება.
  • ეროვნულ დონეზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების მდგრადი ინტეგრაციისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები

  • ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ელემენტები და შესაძლებლობები შესწავლილია. კვლევის ანგარიში გამოქვეყნებულია და წარმოდგენილია მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში.
  • ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების მოდელი არის ინიცირებული და პილოტირებული საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში. სულ მცირე 100 ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებს სოციალურ მომსახურებას.
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უზრუნველყოფილია უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების მიწოდება და მხარდაჭერა შემდგომი ღონისძიებებით: ა) შეხვედრები 10 რეგიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სოციალური მომსახურების ადგილობრივი ოფისის, სოციალური მომსახურების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების და ბენეფიციარების თუ მათი ოჯახის წარმომადგენლებთან; ბ) ტრენინგები სოციალური მომსახურების 30 მიმწოდებელთან ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარებისთვის.
  • კვლევის ანგარიშისა და პროექტის ადგილობრივი გუნდის მიერ დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, განვითარებულია უფლებებზე დაფუძნებული, შშმ პირებზე და ხანდაზმულებზე ფოკუსირებული სოციალური მომსახურების მოდელები და სტანდარტები. ასევე, განხორციელებულია სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვის ადვოკატობა სამი მრგვალი მაგიდის და ეროვნული კონფერენციის მეშვეობით.
  • უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ საგანმანათლებლო მასალა განვითარებული და ინტეგრირებულია სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამის 3 სასწავლო გეგმაში.
  • გაუმჯობესებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების შესაძლებლობები, სოციალურ მუშაკთა შრომითი უფლებების და მათი ბენეფიციარების უფლებების დასაცავად. გამოქვეყნებულია 3 ჩრდილოვანი ანგარიში სოციალური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საფუძველზე და განხორციელებულია 3 კამპანია.

პროექტის ბიუჯეტი

  • 420 000 ევრო

მხარდაჭერის სახლი – მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში

პროექტის წინაპირობა

საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა დგას მოსახლეობის სწრაფად დაბერების პროცესის, მრავალთაობიანი ოჯახური თანაცხოვრების მოდელის დაშლის და მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან ახალგაზრდების გადინების წინაშე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს მარტოდ დარჩენილი ხანდაზმულების რაოდენობის მატებას, რომელთაც არ ჰყავთ მზრუველები. ამასთან, ხანდაზმულები ქვეყნის სოციალური პოლიტიკისთვის კვლავ უხილავ სამიზნე ჯგუფად რჩებიან. ორივე სამიზნე ქვეყანაში, ხანდაზმულთა შინმოვლა ძირითადად ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ან კერძო კომპანიების მიერ. სახელმწიფო პროგრამები კი სრულად ვერ ფარავს საჭიროების მქონე პირებს, ან არ არის ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული. ასეთი დაქსაქსული ზრუნვის სფეროს პრობლემა, ზრუნვის ერთიანი სტანდარტის არარსებობა და არამდგრადი ფინანსური მხარდაჭერაა. საუკეთესო შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელთა უმეტესობა, იყენებს ზრუნვისა და სწავლების საკუთარ სტანდარტებს, მაშინ, როდესაც სხვები ასაქმებენ დაბალკვალიფიციურ მომვლელებს, და მომსახურების მიმღებთ ძვირადღირებულ ან დაბალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყველა ზემოხსენებულ ფაქტორს ემატება ამ ორ ქვეყანაში ხანდაზმულთა გაურკვეველი მომავალი, რაც საერთო ჯამში ბევრ მათგანს ხდის ძლიერ მოწყვლადს და ხელს უშლის მათი „ღირსეულად დაბერების“ უფლების რეალიზებაში.

პროექტის მიზანი

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას.
აღნიშნული მიზანი მიიღწევა ფინანსურად მდგრადი სოციალური მომსახურების მიმწოდებლების, ე.წ. „მხარდაჭერის სახლების“, დაფუძნებით, რომლებიც: ა) შექმნიან და განახორციელებენ ერთიანი ხარისხის სტანდარტის შესაბამის შინმოვლის ინტეგრირებული მომსახურების მოდელების პილოტირებას და ბ) იფუნქციონირებენ როგორც შინმოვლის მომსახურებების ცოდნის კერები, უზრუნველყოფენ მომვლელების კომპეტენციის განვითარებას, შესთავაზებენ ხანდაზმულების საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირებას, ჯანმრთელი დაბერების ხელშემწყობ ღონისძიებებს და უზრუნველყოფენ ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატობას.
პროგრამის ფარგლებში განვითარებული მომსახურების მოდელი, დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და კონკრეტულად, ავსტრიულ ცოდნას ინტეგრირებული შინმოვლის მომსახურებების მოდელის შესახებ, რომელსაც Hilfswerk-ი მუდმივად გაუზიარებს პროექტის პარტნიორებს (ქვეყნებს შორის თანასწორთა განათლება).

პროექტის ღონისძიებები

    • მუნიციპალიტეტების და მომსახურებით მოსარგებლეთა საჭიროებების შეფასება;
    • მხარდაჭერის სახლის ორგანიზაციული მოწყობა, ბიზნეს მოდელების და მომსახურების პაკეტების დაგეგმვა;
    • შინმოვლის ჯგუფის წევრების და მოხალისეების ტრენინგი;
    • მომსახურების პილოტირება და თანმხლები ხარისხის მართვა;
    • ჯანმრთელი დაბერების ღონისძიებები და კონსულტაციები;
    • დვოკატობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტის სამზნე ჯგუფი / ბენეფიციარები

მთლიანობაში პროექტში ჩაერთვება სულ მცირე 1.000 პირი და 40-ზე მეტი ორგანიზაცია:

    • შინმოვლის მომსახურებას მიიღებს 240 ხანდაზმული და 140 პირი ისარგებლებს ჯანმრთელი დაბერების ღონისძიებებით;
    • 450 ოჯახის წევრი;
    • მინიმუმ 30 მომვლელი და 20 მოხალისე;
    • მინიმუმ 85 თანამშრომელი ადგილობრივი მთავრობებიდან;
    • მინიმუმ 60 თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან.

 დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ

  • პროექტის პერიოდი: იანვარი 2020 – დეკემბერი 2023

     პროექტი ხორციელდება

  • Hilfswerk International-ის მიერ www.hilfswerk.at/international/en პარტნიორებთან Hilfswerk International-ის სარაევოს ოფისი და „HAJDE დახმარებისა და განვითარების ასოციაცია“ ერთად ბოსნია-ჰერცოგოვინაში, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“ ერთად საქართველოში. 
  • ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA)

      საკონტაქტო ინფორმაცია

  პროექტის ადგილობრივი პარტნიორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG

      ეკა დათუაშვილი, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი

      ტელ: (995 32) 2 39 90 19

      ელ.ფოსტა:edatuashvili@csrdg.ge;

 

უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

პროექტის აღწერა

პროექტი “უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

პროექტის მიზანი

ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში.

პროექტის ამოცანები

დასაქმების ახალი შესაძლებლობები შექმნილია სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელისა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით.


სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს აქვთ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.

მოსალოდნელი შედეგები

  • სწავლისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები ადგილობრივ სამუშაო მაძიებლებს სთავაზობენ კომპლექსურ და საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებებს
  • ინოვაციური და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობები შექმნილია სამიზნე რეგიონებში, სექტორთაშორისი თანამშრომლობის გზით
  • სამიზნე რეგიონების სკოლებში შექმნილია მეწარმეობისა და კარიერის განვითარების კლუბები, რომელებიც მოსწავლეებს სთავაზობენ სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამებს
  • პროფესიული სასწავლებლები სამიზნე რეგიონებში ახდენენ ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების გამოვლენას და პასუხობენ მათ მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების განვითარებით

პროექტის ხანგრძლივობა

  • 36 თვე – 2020 – 2023 წელი

პროექტის ბიუჯეტი

  • 1,156,573 ევრო (EU – 925,255, თანადაფინანსება – 231,319)

მიმდინარე აქტივობები:

პროექტის დონორი

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი; საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.