Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების კვლევის შედეგების წარსადგენად დაინტერესებულ მხარეებთან 11 ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

26 ნოემბერი – 24 დეკემბერი, 2020წ – 177 დაინტერესებული პირი, მათ შორის 23 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის (მერი, სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა თანამშრომლები), ზრუნვის სააგენტოს (სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) ცენტრალური და რეგიონალური ოფისების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ხანდაზმულებისთვის სოციალური მომსახურების მიმწოდებელი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკები და ბენეფიციარები დაესწრნენ 11 ონლაინ შეხვედრას სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების და ამ თემაზე განხორციელებული კვლევის პრეზენტაციები. შეხვედრები ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ.

თითოეული ზუმ-შეხვედრის დღის წესრიგი შედგებოდა პროექტის და კვლევის შედეგების პრეზენტაციისგან, რომელიც მოიცავდა შშმ პირების და ხანდაზმულთა სოციალურ მომსახურებებში უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ინტეგრირების საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილებას. კვლევაში განხილულია ადამიანის უფლებების ძირითადი დოკუმენტები და უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების განხორციელების გამოცდილება ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში. უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვით, კვლევაში გაანალიზებულია საქართველოში არსებული სოციალური მომსახურების პოლიტიკა და პრაქტიკა, რის საფუძველზეც შემუშავდა დასკვნები და სხვადასხვა დონეზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები შეხვედრებზე წარდგენილი იყო უფლებებზე დაფუძნებული ექვსი ძირითადი სტანდარტის მიხედვით: 1. უფლებების განხორციელების ხელშეწყობა, 2. თანამონაწილეობა, 3. ინდივიდუალური შედეგები, 4. უკუკავშირი, 5. მომსახურების ხელმისაწვდომობა და 6. მომსახურების მართვა. მომსახურების მიმწოდებლებისთვის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობებისთვის რეკომენდაციები ცალ-ცალკე იყო წარდგენილი რათა შექმნილიყო სხვადასხვა დაინტერესებული პირის პასუხისმგებლობის ერთიანი ხედვა. შეხვედრებზე აქტიური მონაწილეობისთვის გამოყენებულ იქნა ისეთი საშუალებები როგორიცაა ზუმის გამოკითხვა და კითხვა-პასუხის სესია. ბენეფიციარებთან შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იყო ჟესტური ენაზე თარგმანი.

როგორც ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა – დომონიკა სკუბიდამ შეხვედრაზე აღნიშნა: „სოციალური მომსახურება ინკლუზიურად უნდა იყოს მიწოდებული, რათა მოიცვას ყველა ჯგუფი, რომელიც მარგინალიზებულია სხვადასხვა ბარიერის გამო. უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე, ეს იქნება დაგეგმვა, განხორციელება თუ მონიტორინგი. სოციალური მომსახურება, გარდა იმისა რომ ის არის ადამიანის ძირითადი უფლება, ის ხელს უწყობს ბენეფიციარებს ისარგებლონ სხვა სამოქალაქო უფლებებით. სოციალური მომსახურება ხელს უწყობს ადამიანების ინტეგრაციას და მონაწილეობას საზოგადოებაში, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. სათანადოდ ფუნქციონირებადი სოციალური მომსახურების და ინკლუზიური საზოგადოების გარეშე შეუძლებელია გვქონდეს წარმატებული დემოკრატია. არცერთ ქვეყანას, რეგიონს თუ საზოგადოებას არ შეუძლია დატოვოს ადამიანები შესაბამისი სოციალური მომსახურების გარეშე. სამოქალაქო სექტორის და ზოგადად საზოგადოების პასუხისმგებლობაა განახორციელოს სოციალური მომსახურების განვითარების ადვოკატირება. საჯარო მმართველობის ძირითადი პასუხისმგებლობა კი არის ამ მომსახურების მიწოდება შესაძლო საუკეთესო ხარისხით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.“

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“, ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან ერთად. პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.